ცხოველები

ლომი

 ლომი — მტაცებელი ძუძუმწოვარი კატისებრთა ოჯახის, პანტერათა გვარის წარმომადგენელი . მისი სხეულის სიგრძე (ხვადისა) 180-240 სმ, მასა 180-227 კგ აღქევს. ძუ ტანად ხვადზე უფრო პატარაა. ლომს აქვს ძლიერი მოქნილი სხეული, მასიური თავი, გრძელი დინგი, შავი ფუნჯით დაბოლოებული გრძელი კუდი. მოზრდილ ხვადს ფაფარიც აქვს, დანარჩენი ბალანი მოკლეა და მოყვითალო. ბოკვერი ხალებიანია. ცნობილია ლომის 2 ქვესახეობა - აფრიკული და აზიური.
ლომი გავრცელებულია ეკვატორულ აფრიკაში (დაცულია ნაკრძალებში) და ინდოეთში (გუჯარეთის შტატი). VIII-X საუკუნეებში ლომი კავკასიაშიც ბინადრობდა. ცხროვრობს სავანებში, ნახევრად უდაბნოებში, იშვიათად უდაბნოებში. იკვებება ხერხემლიანი ცხოველებით, ჭამს აგრეთვე ლეშს, ნადირობს შებინდებისას და ღამით. ადამიანს იშვიათად ესხმის თავს. ბუნაგს იკეთებს გამოქვაბულში, ნაპრალში, ორმოში. აქვს ძლიერი ხმა, რომელიც საკმაოდ შორს ისმის. მაკეობა 105-112 დღემდე გრძელდება. ყრის 3-4 თვალახელილ (ზოგჯერ თვალაუხილავ) ბოკვერს, მათი სხეულის სიგრძე 30 სმ, ხოლო მასა 400 გ აღწევს. სქესობრივად მწიფდება მე-4 წელს. ცოცხლობს 30-35 წელს ()იშვიათად მეტს. ადვილად იწვრთნება, ტყვეობაშიც (ზოოპარკი, ზოობადი) მრავლდება.
ვეფხვი 
ვეფხვი (ლათ. Panthera tigris) — მტაცებელი ძუძუმწოვარი კატისებრთა ოჯახის, პანტერათა გვარის წარმომადგენელი.
ვეფხვი კატისებრთა ოჯახის ყველაზე დიდი წარმომადგენელია, სხეულის სიგრძე 1,4-2,8მ, კუდის — 0,6-1,1მ, წონა 100-300კგ. წაგრძელებული სხეული მოხატული აქვს განივი ზოლებით. გავრცელებულია ჩრდილოეთ კორეაში, ჩინეთში, ინდოეთში, ინდოჩინეთში, მალაის არქიპელაგზე, ჩრდილოეთ ირანში, უსურიისა და ამურის მხარეებში, თალიშში, ამუდარიის ხეობაში, იშვიათად თურქმენეთში, საქართველოში ვეფხვი არ ბინადრობს, მაგრამ ერთხელ, XVIII საუკუნის დამლევს სოფ. ახმეტის მახლობლად მოკლეს, მეორედ 1922 წელს თბილისის მახლობლად, სოფ. ლელობთან. ვეფხვი ნადირობს მსხვილ ძუძუმწოვრებზე, იშვიათად ფრინველებზე, ქვეწარმავლებზე და სხვა. თავს ესხმის ადამიანსაც. ვეფხვი 2-3 წელიწადში ერთხელ შობს თვალაუხილავ, უსუსურ 2-4 ბოკვერს (მაკეობა 105 დღემდეა).2 წლის ასაკიდან უკვე საკმაო ძალა აქვს დამოუკიდებლად სანადიროდ, სქესობრივ სიმწიფეს აღქევს 4-5 წლისა, ცოცხლობს საშუალოდ 8-10 წელს. აქვს 6-7 მ სიგრძის ნახტომი. ქართულ ზეპირსიტყვიერებაში და ძვ. მწერლობაში სიტყვა „ვეფხვი“ აღნიშნავდა ჯიქს (ლეოპარდს ანუ პანთერას — Panthera pardus), დღევანდელი გაგებით კი მხოლოდ XX საუკუნეში დამკვიდრდა.


ზებრები
ზებრები, ცხენის გვარის (Equus) ძუძუმწოვართა ჯგუფი. ზებრების სხეულის სიგრძეა 2-2,4 მ, კუდისა 47-57 სმ, სიმაღლე მინდაოში — 1,2-1,4 მ, წონა 350 კგ-მდე. სხეული შეფერილი აქვთ მუქი და ღია ფერის ზოლებით, რაც მათ შეუმჩნეველს ხდის, განსაკუთრებით სავანებში. ფაფარი მოკლეა, კუდი გრძელი ბალნის ფუნჯით ბოლოვდება. განარჩევენ ზებრების 3 სახეობას: მთის ზებრა (Equus zebra), გრევის ზებრა (Equus grevyi) და კვაგა (Equus quagga). ზებრები გავრცელებულია აღმოსავლეთ, ცენტრალურ დასამხრეთ აფრიკაში. მომთაბარე ცხოველებია. ცხოვრობენ 10-30 სულიან ჯოგებად. ბინადრობენ ღია ველებზე (მთის ზებრა ზოგჯერ მთაში 2000 მ-ზეც გვხვდება). იკვებებიან ბალახით. მაკეობა 346-369 დღე გრძელდება. შობენ 1-2 ნაშიერს. ლამაზი ტყავისთვის უმოწყალოდ ანადგურებდნენ, რის გამოც მათი რაოდენობა ძლიერ შემცირდა. ზოგი სახეობა კი სულ ამოწყდა. ამჟამად მათზე ნადირობა ან სრულიად აკრძალულია, ან დაშვებულია მხოლოდ ზოგ რაიონში. ზებრები კარგად იტანენ ტყვეობას, რეგულარულად მრავლდებიან, მაგრამ ძნელად თვინიერდებიან. ზებრები აკლიმატიზებულია ასკანია-ნოვაში.
სპილოსებრნი
სპილოსებრნი (Elephantidae) — ძუძუმწოვრების ოჯახი ხორთუმიანების რიგისა. ტანად დიდი ცხოველები. მათი სიმაღლე 3,5 მ, ხოლო მასა — 4-5 ტ აღწევს. აქვთ მასიური სხეული, დიდი თავი, მოკლე კისერი, ბოძისებური ფეხები, წინა ფეხი 5-თითიანია, უკანა 5 ან 4-თითიანი. თითოეულ თითს პატარა ჩლიქი შეესატყვისება. ზედა ტუჩისა და ცხვირის ერთმანეთთან შეზრდის შედეგად წარმოქმნილია გრძელი და მოქნილი ხორთუმი. იგი წარმოადგენს შეხებისა და ყნოსვის, ამავე დროს საგნების გადასაადგილებელ ორგანოს. ყბებზე 4-4 კბილი აქვთ. კბილები დროთა განმავლობაში ცვდება და მათ ადგილს იკავებს მომდევნო კბილები, რაც ცხოველის სიცოცხლის განმავლობაში 6-ჯერ მეორდება. ეშვები არა აქვთ. ზედა შუა საჭმრელები წაგრძელებულია და ქმნიან შუანებს, რომელთა სიგრძე შეიძლება 4 მ, ხოლო მასა 100 კგ აღწევდეს. შუანები აქვთ მხოლოდ მამლებს, იშვიათად უვითარდება დედალ აფრიკულ სპილოს (თანაც მეტად მოკლე). სპილოსებრთა კუჭი მარტივია, კანის სისქე 3-4 სმ აღწევს. ბალნიანი საფარველი რედუცირებულია. მაკეობა 628 დღემდე (ზოგი ცნობით 24 თვემდე) გრძელდება. შობენ ერთ ნაშიერს, რომლის მასა 90 კგ აღწევს. სქესობრივად მწიფდებიან 17-20 წლისა, ცოცხლობენ 80 წლამდე. იკვებებიან მცენარეებით, ზოჯერ ჭამენ მსხვილ ტოტებს, ფიჩხებს, ფოთლებს, ხის ქერქს. საკვების ძებნისას ხშირად 100 კმ-ზე მეტის გავლა უხდებათ. თავისუფლად იკაფავებ გზას უღრანსა და დაბურულ ტყეში, ჭაობიან ადგილებში და სხვა. წყალს ხორთუმით იღებენ და პირში ისხამენ. ცხოვრობენ ჯოგებად, რომლებშიც თავს იყრის 10-დან 100-ზე მეტი ეგზემპლიარი.
სპილოსებრნი მრავალ ადგილას მოსპობილია. ამჟამად ყველგან იცავენ. იყენებენ სპილოსებრთა ძვალს (შუანებს). ხორცი საკვებად ვარგისია. ცნობილია სპილოსებრთა 2 გვარის თითო სახეობა: აზიური სპილო  გავრცელებულია ინდოეთში, ბირმაში, ნეპალში, ტაილანდში, ვიეტნამში, მალაიზიაში, კუნძულ სუმატრაზე, შრი-ლანკაზე. მისი მოთვინიერება და გაწვრთნა ადვილია. როგორც ამოწყდომის გზაზე მდგომი სახეობა, შეტანილია „წითელ წიგნში“.
აფრიკული სპილო  გვხვდება თითქმის მთელ აფრიკაში, საჰარის სამხრეთით.

ირემი
ირემი (ლათ. Cervus) — წყვილჩლიქოსან ცხოველთა გვარი ირმისებრთა ოჯახისა. თითო რქაზე შეიძლება 10-ზე მეტი ტოტიც ჰქონდეს. კისერზე მოკლე ფაფარი აქვს. ნუკრი ხალებიანია, მოზრდილი — ერთფერი. კუდის არეში აქვს სხვადასხვა სიდიდის „სარკე“. გავრცელებულია ევროპის, აზიის (უმთავრესად სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთის ნაწილის), ჩრდილოეთ ამერიკის ტყეეებში. აერთიანებს 6 ქვეგვარის 13-14 სახეობას. საქართველოში გვხვდება კეთილშობილი ირემი. სანადირო და სარეწაო ცხოველებია. ნახევრად მოშინაურებული ირმების ნორჩ რქებს — პანტებს იყენებენ პანტოკრინის დასამზადებლად. ნადირობა უმთავრესად აკრძალულია, აკლიმატიზებულია ახალ ზელანდიაში, სამხრეთ ამერიკაში და სხვა.


მგელი
მგელი (Canis lupus, ასევე რუხი მგელი) — ჭკვიანი, საზრიანი და ადვილად შემგუებელი ცხოველი; მტაცებელთა რიგის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ძუძუმწოვარი, ძაღლისებრთა ოჯახისა. ბინადრობდა თითქმის მთელ ჩრდილოეთ ნახევარსფეროში, როგორც ტყეში, ასევე მინდვრებში, ნახევრად უდაბნოებში და ყინულოვან არქტიკულ ტუნდრებშიც. საკვებად მიირთმევს, როგორც მწერებსა და თაგვებს, ასევე დიდ ცხოველებს, როგორიცაა ბიზონი, ცხენ-ირემი და გარეული ხარი. საერთო წინაპარი ჰყავს შინაურ ძაღლთან. მას შემდეგ, რაც ადამიანი დაუპირისპირდა მას, როგორც ცხვრისა და სხვა შინაური ცხოველების მტერს, მგლების რიცხვმა იკლო და ამჟამად ისინი მხოლოდ შორეულ ტყეებსა და მთებში ბინადრობენ. ზოგიერთ რეგიონში (მაგ. აშშ-ში) იგი გადაშენების პირასაა მისული.
ჟირაფისებრნი

ჟირაფისებრნი — მცოხნელი ძუძუმწოვრების ოჯახი წყვილჩლიქოსნების რიგისა. აერთიანებს 2 გვარის 2 სახეობას: ჩვეულებრივ ჟირაფსა და ოკაპს. ჩვეულებრივი ჟირაფის  სიმაღლე 5-6 მეტრს, მასა 550-1800 კგ აღწევს. აქვს მოკლე სხეული, გრძელი მაღალი კისერი, პატარა თავი, დიდი თვალები, მოკლე და ვიწრო ყურები, პატარა რქები. არეალის სხვადასხვა საზღვრებში შეფერილობა ცვალებადია და ამის გამო ჟირაფის რამდენიმე ქვესახეობას გამოყოფენ. გავრცელებულია აფრიკაში საჰარის სამხრეთით. ბინადრობს სავანეებში. ქმნის მცირე ჯგუფებს, რომლებიც 12-15 (ზოგჯერ 70-მდე) სულისაგან შედგება. აქტიურია დღისით. იკვებება აკაციის ფოთლებით და ტოტებით. აქვს კარგი მხედველობა და სმენა. მაკეობა 420-450 დღეს გრძელდება. ხორცს საკვებად იყენებენ, ტყავს — სხვადასხვა ნაკეთობისათვის.

ჟირაფის რაოდენობა ძალზე შემცირებულია, ხოლო ზოგან სრულიად განადგურებულია. შენარჩუნებულია უმთავრესად ეროვნულ პარკებსა და რეზარვატებში.



No comments:

Post a Comment